"საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე" - უცნობისა და მისი თანამოაზრეების "მდუმარე" აქცია დასრულებულია.
შეკრება 13:00 საათზე რიყის პარკში დაიწყო შემდეგ კი მსვლელობით, დედაენის პარკში გაგრძელდა, სადაც იყო სიტყვით გამოსვლებიც. აქციის დასასრულს, გია გაჩეჩილაძემ, მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ დღევანდელი აქციის მიზანი მიღწეული იყო.
"შენ თუ აქ ვერ გაიგე, რას უკავშირდებოდა დღევანდელი აქცია. ქვეყანაში დესტრუქციისა და ამ ქვეყნის არევის წინააღმდეგ იყო შეკრება. დაფუძნდა ახალი მოძრაობა, ამ ქვეყნის, ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღე. თუ თქვენთვის საკმარისი არაა რა ვიცი... მემორიალთან იმიტომ, არ ვიყავით, რომ ის არის ოკუპირებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. "ნაციონალური მოძრაობა" არის რუსეთი, რუსეთის სპეცსამსახური", - ამბობს ვატო შაქარაშვილი.
ცნობისთვის, დღეს 13:00 საათიდან გია გაჩეჩილაძე [უცნობი] მდუმარე აქცია "საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღეს" გამართა.
აქციაზე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები, პედაგოგები, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებული ადამიანები. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ კრიტიკული მედიისა და ოპოზიციის მიმართ, არ იცავდნენ სოციალური დისტანცირების წესებსა და სხვა კოვიდრეგულაციებს.
თავად უცნობი ამბობდა, რომ აქცია აპოლიტიკური და პატრიარქის მხარდასაჭერია, თუმცა, აქციაზე ოპოზიციას აკრიტიკებდა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.
უცნობმა და მისმა თანამოაზრეებმა საპატრიარქოსგან დღეს მადლობაც დაიმსახურეს.