
საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება - აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერალდ კონოლი.
განცხადება მან საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ევროკავშირის მედიაციით ჩაშლილ მოლაპარაკებებსა და რეგიონში განვითარებული მოვლენებზე იმსჯელეს.
ნატოს ინფორმაციით, კონოლიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, როგორც ნატო-ში გაწევრიანების ძირითადი პირობა.
„ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობასა და ოპოზიციას, იმოქმედონ კონსტრუქციული სულისკვეთებით და კეთილსინდისიერად, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა განაგრძოს“, - განაცხადა კონოლიმ.
მან ასევე, დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია და დაადასტურა ასამბლეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.