7 ყველაზე ექსტრემალური ამინდი მზის სისტემაში

გამოქვეყნდა:

მზის სისტემის პლანეტებზე უამრავ საოცრებას შეხვდებით: დაწყებული სატურნის ულამაზესი რგოლებით და დამთავრებული, თუნდაც, დედამიწის ბიომრავალფეროვნებით. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და
ამავდროულად, კონტრასტული ფენომენი, პლანეტებზე არსებული მეტეოროლოგიური პირობებია, როგორებიცაა, მაგალითად, ალმასის წვიმები ურანზე და რამდენიმესაუკუნოვანი ქარიშხალი იუპიტერზე.

ქვემოთ შვიდ ასეთ საოცარ მოვლენაზე მოგიყვებით.

1. ტემპერატურის დრამატული ცვლილება მერკურიზე

მერკური მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაა და, ალბათ, არაა გასაკვირი, რომ მასზე ცხელა. თუმცა, ის ნამდვილად გასაკვირი იქნება, რომ ის მზის სისტემაში ყველაზე ცხელი პლანეტა არ არის. ლიდერობას ვენერა ინარჩუნებს. ამის მიზეზი ის არის, რომ მერკურის ატმოსფერო საერთოდ არ გააჩნია, ხოლო ვენერას დედამიწაზე ბევრად სქელი ატმოსფერო აქვს. სწორედ ამიტომ, ვენერას ატმოსფერო სათბურის როლს ასრულებს და მზისგან მიღებულ სითბოს ინახავს.

მერკურის შემთხვევა სრულიად საპირისპიროა: მას არ გააჩნია ატმოსფერო. დღისით მერკურიზე ძალიან ცხელა. ტემპერატურა შეიძლება 427°C-ია, მაგრამ ღამით -127°C-მდეც კი ეცემა. ვენერასგან განსხვავებით, მას არ შეუძლია მზისგან მიღებული სითბოს შეკავება და მზის ჩასვლის შემდეგ მალევე, უკიდურეს ტემპერატურამდე ცივდება.

2. გოგირდმჟავის წვიმა ვენერაზე

ჩვენ შეგვიძლია მარსისა და მერკურის ზედაპირები დავინახოთ - იქნება ეს მძლავრი ტელესკოპი თუ მათ გარშემო გაშვებული ხელოვნური თანამგზავრები. მაგრამ ვენერაზე ეს საქმე მარტივი არ არის: მასზე სქელი ღრუბლებია და ზედაპირის დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასტრონომებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ მასზე ტროპიკული სამყარო იყო გაშენებული, სადაც მუდმივად წვიმს. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენერა ნამდვილი ჯოჯოხეთია.

მზის სისტემის ყველაზე ცხელ პლანეტაზე ტემპერატურა 475 °C-საც აღწევს და ატმოსფერული წნევა დედამიწისაზე 93-ჯერ უფრო მეტია. იმისათვის, რომ ეს წნევა გამოსცადოთ დედამიწაზე, ოკეანეში 1 კილომეტრის სიღრმეში უნდა ჩაყვინთოთ. ვენერას სქელი ღრუბლები გოგირდმჟავისგან შედგება, რომელსაც შეუძლია თქვენს ტანსაცმელში მარტივად შემოაღწიოს და კანი სერიოზულად დაგიწვათ. თუმცა, რადგანაც პლანეტაზე ძალიან ცხელა, მომწამლავი წვიმა ზედაპირზე მიღწევამდე ორთქლდება.

3. ძლიერი თოვლის შტორმები მარსზე

ჩვენი მეზობელი პლანეტა მარსი დედამიწასთან შედარებით ძალიან მშრალია. მარსზე უკიდურესი სიცივის გამო, ზედაპირზე ყინულის გადნობის შანსი პრაქტიკულად ნულია და რადგანაც ატმოსფერო ძალიან თხელი აქვს, ზედაპირზე მოხვედრილი თხევადი წყალი მალევე აორთქლდება. თუმცა, წითელ პლანეტაზე გაყინული წყლის ღრუბლები მრავლადაა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მარსული ცივი ღამის დროს წყლის ყინულის ღრუბლებში არსებული ნაწილაკების კიდევ უფრო გაციება ღრუბლებში არასტაბილურ ტურბულენტობას იწვევს. ეს კი ძლიერ ქარებს იწვევს, რომელთა სიჩქარე შესაძლოა 10 მ/წმ (36 კმ/სთ) იყოს. ასეთი სიჩქარის ქარები დედამიწაზე საშუალო სიძლიერის ელჭექებს იწვევს.

4. გიგანტური ქარიშხალი იუპიტერზე

როდესაც იუპიტერზე ვსაუბრობთ, პირველი ალბათ მისი გიგანტური მასა გაგახსენდებათ: ის ყველა სხვა პლანეტის ერთად აღებულ მასაზე მეტია. მაგრამ ასევე შეიძლება მისი გიგანტური წითელი ლაქა გაგახსენდეთ, რომელიც პლანეტაზე საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე შტორმია. ამ ლაქაში დაახლოებით ორი დედამიწა ჩაეტევა სიგანეში. იუპიტერის დიდი წითელი ლაქა პირველად მოყვარულმა ასტრონომმა სამუელ ჰაინრიხ შვაბემ 1831 წელს აღმოაჩინა. სწორედ ამის გამო ვიცით, რომ შტორმი სულ ცოტა 150 წელია არსებობს. თუმცა, შეიძლება ის უფრო ძველიც იყოს.

შტორმის ცენტრში ქარი შედარებით წყნარია, მაგრამ კიდეებში ქარის სიჩქარე 430-680 კმ/სთ სიჩქარეს აღწევს. ეს სიჩქარე დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი ქარიშხლების სიჩქარეს (281 კმ/სთ) ორჯერ აღემატება. დაკვირვევების არქივებში მოიპოვება მტკიცებულება, რომ შტორმი დროთა განმავლობაში ზომაში იზრდებოდა და მცირდებოდა კიდეც. 2017 წლის მონაცემების მიხედვით, შტორმის ზომა 16 350 კილომეტრია სიგანეში, რაც 1800-იანებში გაზომილზე სამჯერ ნაკლებია. მეცნიერთა თქმით, შტორმმა ზომაში კლება შესაძლოა მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში განაგრძოს და საბოლოოდ გაქრეს.

5. პოლარული ნათება სატურნზე

დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სანახაობა პოლარული ნათებებია, რომელსაც მზის ქარის  დამუხტული ნაწილაკების დედამიწის ატმოსფეროს ნაწილაკებთან ურთიერთქმედება იწვევს. მზიდან წამოსულ დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი ბოლომდე არ უშვებს, თუმცა, პოლუსებზე მცირე რაოდენობა მაინც ახერხებს შეღწევას და შედეგად, ლამაზი სანახაობის მომსწრეები ვხდებით. რადგანაც ამ მოვლენის დაფიქსირება მხოლოდ პოლუსებთან ახლოსაა შესაძლებელი, ამიტომ ეწოდება პოლარული ნათება.

თუმცა, ასეთი ნათებები მხოლდო დედამიწაზე არ ხდება. მზის სისტემაში სხვა პლანეტებზეც დაგვიფიქსირებია მსგავსი შემთხვევები. ალბათ, ყველაზე ლამაზი პლანეტა სატურნზეა. განსხვავებით დედამიწისგან, სატურნი უმეტესად წყალბადისგან შედგება და სწორედ ამის გამო, მისი დანახვა მხოლოდ ულტრაიისფერ დიაპაზონშია შესაძლებელი. როგორც აღმოჩნდა, სატურნის პოლარული ნათებები 11 საათიან დღე-ღამეში ორჯერ აღწევს პიკს: ერთხელ გამთენიისას და მეორეჯერ შუაღამისას.

6. ალმასის წვიმები ურანზე

მეცნიერებმა მზის სისტემის ყინულის გიგანტ პლანეტებზე ბევრი არაფერი იციან. ეს გარე პლანეტები მუდმივად საიდუმლოებსა და ინტრიგებს ინახავს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მოვლენა ურანის სიღრმეებში არსებული ალმასის წვიმებია. ურანის ატმოსფეროში ნახშირბადი და წყალბადი ძლიერი წნევის ქვეშ კრისტალებს წარმოქმნის. 

ეს ექსპერიმენტებაც დაადასტურა: მაღალ წნევებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ მეთანისგან ალმასების წარმოქმნა სრულიად შესაძლებელია. ალმასები ვარსკვლავებშიცაა აღმოჩენილი და მკვლევრების ვარაუდით, ის შესაძლოა სამყაროში წარმოქმნილი პირველი კრისტალი იყოს.

7. ზებგერითი ქარები ნეპტუნზე

მზის სისტემის გიგანტ პლანეტებზე უკიდურესად მაღალი სიჩქარის ქარებია. დაწყებული იუპიტერის დიდი წითელი ლაქით და დამთავრებული ურანზე არსებული ექსტრემალური ქარებით, გარე მზის სისტემის ამინდი დედამიწის ამინდს არც კი შეედრება. თუმცა, ყველაზე და ყველაფერზე სწრაფი ნეპტუნის ქარებია, რომელიც დედამიწისაზე 10-15-ჯერ უფრო სწრაფია და 2400 კმ/სთ-ს აღწევს. ამ პლანეტაზე მზის სისტემაში ყველაზე სწრაფი ქარები მძვინვარებს.

ნეპტუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქარი დიდი მუქი ლაქაა, რომელიც ვოიაჯერ 1-მა 1989 წელს ახლოდან შეისწავლა. ამ შტორმის ფართობი დედამიწის ფართობის მეექვსედი იყო. სწორედ ამ შტორმში გაიზომა მზის სისტემის ყველაზე ძლიერი ქარი. ის იუპიტერის დიდ წითელ ლაქას ჰგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, დიდი მუქი ლაქა საუკუნეების განმავლობაში არ გრძელდება.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი