"ვფიქრობ, რომ ეს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიციელს მიემართება, უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე", - ასე აფასებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, "შაბათის მთავარის" ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას და შემდეგ მასზე რეაგირებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დარღვევასთან და ერთ მაღალჩინოსანზე არ შეიძლება ხელის შეწმენდა, მათივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც
"ამ ფაქტებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ რამდენიმე კუთხით გვაქვს პრობლემა ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ეს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიციელს მიემართება, უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე. კანონის წინაშე, რა თქმა უნდა ყველა თანასწორი უნდა იყოს, ყველას მიმართ თანაბრად უნდა გავრცელდეს კანონი", - ამბობს "საიას" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" მრჩეველი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, ეს ფაქტი ერთგვარი ტრაგედიაა ქვეყანაში, რადგან სამართალდამცავი უწყებები ხელოვნურად ქმნიან დანაშაულს.
"თავად ის ფაქტი, რომ პოლიციამ წინასწარ იცის რაზე უნდა დააკავოს ადამიანი, ანუ რა დანაშაული იქნება ის, რასაც პირი სამომავლოდ ჩაიდენს და ამას უთანხმებს დასაკავებელ პირს, ერთგვარი ტრაგედიაა ქვეყანაში. იმიტომ, რომ სამართალდამცავი უწყება რეალურად დაკავებულია არა დანაშაულის გამოძიებით, არამედ ხელოვნურად დანაშაულის შექმნით" - ამბობს მშვენიერაძე
მისივე შეფასებით, ქვეყანაში არსებობს რაღაც უკანონო საწყობი ან ბაზა, საიდანაც პოლიციელებს შეუძლიათ სხვადასხვა უკანონო საგნების აღება, ჩადება პირებისთვის და პასუხისგებაში მიცემა.
ცნობისთვის, გუშინ, 10 აპრილს, "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "შაბათის მთავარი", გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ასახული იყო ფაქტები, როგორ მოქმედებენ სამართალდამცავი უწყებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან შეთანხმებით. ჟურნალისტური გამოძების ეთერში გასვლის შემდეგ, პოლიციის მაღალჩინოსანი, შალვა ზამბახიძე დააკავეს.
ამავე თემაზე: