"ქართული ოცნება" ეპიდემიას პოლიტიკური თაღლითობისთვის იყენებს. მმართველი პარტია, ყურადღების კორონავირუსზე გადატანით, ოპოზიციასთან დადებულ შეთანხმებას ფარულად არღვევს: პოლიტიკური დევნილების პატიმრობა გრძელდება, კონსტიტუციური ცვლილებებისთვის კი არაფერი კეთდება.
ოპოზიცია მმართველ გუნდს შეთანხმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დადებული შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.
ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ თუ პოლიტპატიმრების საკითხში, შეთანხმების ნაწილი არ შესრულდება, ჩვენ, როგორც ოპოზიცია გამოვაცხადებთ, რომ შეთანხმება არ არის შემდგარი. ჩვენი მხრიდან თანამონაწილეობა ამ პროცესში აღარ იქნება და ხელისუფლება დარჩება მარტო საკუთარ გადაწყვეტილებასთან, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი, ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას კვლავ არ აღიარებენ და შესაბამისად, არავის გათავისუფლებას არ აპირებენ.
ვადებში, რაც არის კონსტიტუციით მოცემული, ჩვენ აუცილებლად ჩავეტევით, ასე რომ, ვისაც დღეს აქვს სურვილი, რომ ამ თემით მოახდინოს სპეკულაციები და ისაუბროს, ისინი არიან მოწოდებულები, მე ვგულისხმობ ოპოზიციას, იმისთვის, რომ ეს შეთანხმება არ შედგეს, - განაცხადა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა.
8 მარტს დადებული შეთანხმების შესრულებას სთხოვს მმართველ გუნდს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილის გუნდს მოუწოდებენ, კორონავირუსის ეპიდემიით სარგებლობას ნუ შეეცდება.