"კარვები აღებულია და დასაწყობებული, შემდეგ გადაეცემა აქციის მონაწილეებს", - ამის შესახებ იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა, "რიონის ხეობის მცველებთან" შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი კი ამბობს, რომ პოლიციას პროტესტის გასაგრძელებლად ნამოხვანში ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. როგორც გოლეთიანი ამბობს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ "ხელისუფლება უსაფუძვლო მიზეზს ეძებს, რათა პროტესტი ჩაშალოს".
პოლიციის უფროსის თქმით, ხეობის მცველებს შეუძლიათ პროტესტი გუმათში განაგრძონ. მაგრამ, "ზემოაღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელია ნამოხვანში პროტესტის გაგრძელება".
"დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ ის კარვები იქიდან აგვეღო, ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ. აქედან გამომდინარე მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად მოხერხდა, რომ კარვები იქიდან აგვეღო. აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ კარვები დადგან გუმათში", - ამბობს სულხან თამაზაშვილი
როგორც თამაზაშილი ამბობს, მედიას შეუძლია ნამოხვანში გადაადგილება. აკრძალვის მიზეზად კი "დღის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიმდინარე სამძებრო სამუშაოები" დაასახელა.
ცნობისთვის, დღის განმავლობაში დაძაბული იყო სიტუაცია რიონის ხეობაში. სამართალდამცველებმა სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს. ნამოხვანში მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებსაც, პოლიცია მათ სოფელში არ უშვებდა. ხეობაში მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველები, ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი.
ამავე თემაზე: