მმართველი გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს - ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებმა უკვე ისაუბრეს. ასევე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ აუცილებელია, დააკვირდნენ დინამიკას და ამის მიხედვით განისაზღვროს, გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა. მისი აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საგანგებო ვითარება კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება, 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას საფრთხე არ შეექმნება
უნდა დავაკვირდეთ დინამიკას და ამის მიხედვით განისაზღვრება ის, თუ რამდენად იქნება საჭირო ამ ვადის გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება გახდეს საჭირო ვადის გაგრძელება. თუმცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ მოცემულობის შესაბამისად, რომელიც გვექნება 22 მაისისთვის.
ერთი თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ შეექმნება ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას. დრო არის საკმარისი, დაველოდებით მოვლენის განვითარებას, ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო საგანგებო მდგომარების გაგრძელება, - აცხადებს კობახიძე.
ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ეს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან კავშირში არ არის.
დღევანდელ რეჟიმშიც კი ძალიან სწრაფად უნდა გადაიდგას ნაბიჯები ეკონომიკის გახსნისა და აბსურდული რეგულაციების მოხსნის, და ამის დისკრეცია აქვს მთავრობას, გახარიას, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა. ეს უნდა მოხდეს ახლავე. ამ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება, დღეს როგორიც არის, იქნება სრული კატასტროფა. შეიძლება იყოს რაღაც სხვა მინიმალური შეზღუდვები, რომელიც არის გონივრული.
რაც შეეხება კარანტინის საათს, რაღაც საღი აზრი ხომ უნდა იყოს, ცხრა საათამდე ვერ შეიკრიბებიან ადამიანები? პირიქით ხდება ყველაფერი, დროში შეზღუდვა და მანქანების შეზღუდვა მეტ ფიზიკურ კონტაქტს იწვევს ადამიანებს შორის, - აცხადებს გიგა ბოკერია.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას არაადეკვატური წარმოდგენა აქვს საგანგებო მდომარეობაზე და ამ მდგომარეობის საკუთარი მიზნების გამოყენებაზე. ვაშაძე ფიქრობს, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანამ დაკარგა 100 ათასობით სამუშაო ადგილი, რჩება საფრთხე, რომ ამ პირობებში, შესაძლოა მოქალაქეების კიდევ უფრო დიდი ნაწილი უსამსახუროდ დარჩეს.
"მათ ჰგონიათ, რომ თუ ასე გაგრძელდება, მოიგებენ არჩევნებს - ასე არ იქნება. მშიერი ადამიანი სახლში არ დაჯდება და მოუწევთ ამაზე პასუხის გაცემა, მასიური შიმშილი გველოდება ქვეყანაში. ამ პირობებში რაზე საუბრობენ საერთოდ, - ამბობს ვაშაძე.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში გადამეტებული ზომები მიიღო, რამაც ადამიანების სასოწარკვეთა და შიში გამოიწვია, რადგან მათ შემოსავალი დაკარგეს.