გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, ალექსანდრე მოწერელია და ანა ბუჩუკური - ეს იმ დეპუტატთა ჩამონათვალია, ვინც დღეიდან ერთპარტიულ პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს. ამის სადემონსტრაციოდ მათ დღეს სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის სავარძლებზე გადაინაცვლეს.
ბევრი ისაუბრეს რადიკალიზაციის დასრულებაზე,თუმცა ფრთხილად გააკრიტიკეს ამ კრიზისის მთავარი შემოქმედი -ქართული ოცნება.
დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხეში დანაშაულის ჩადენის გამო ზიან.
პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხად ფრთხილად გააკრიტიკა ყოფილი თანაგუნდელები და თქვა, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა პირველ რიგში ოპოზიციის თავის ტკივილი იქნება და ქართულ ოცნებას ახალი პოლიტიკური ძალის შექმნით პრობლემა არ შეექმნება.
პარლამენტში არსებული 90 მანდატიდან მმართველ გუნდს ამ დროისთვის 84 მანდატი დარჩა.თუ გიორგი გახარია თანაგუნდელებთან ერთად კიდევ 9 დეპუტატის გადაბირებას მოახერხებს,ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას დაკარგავს, რაც შესაძლოა საბოლოოდ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი გახდეს.
გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი იქნება ქართული ოცნება 2 - ამბობენ ოპოზიციაში და ფიქრობენ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილმა თავისი გეგმის სისრულეში მოყვანა დაიწყო, რის მიხედვითაც პოლიტიკურ ველზე მისთვის სასურველ ოპოზიციას ქმნის.