
15 მაისის მასშტაბურ აქციამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, ოპოზიცია რეგიონებში გასვლას იწყებს. ხელისუფლების ოპონენტები ხვალ, დილის 10:00 საათზე შეიკრიბებიან და პირველი გასვლითი შეხვედრისთვის კახეთში წავლენ. ისინი თელავისა და სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრასა და საუბარს აპირებენ.
ოპოზიციონერი ლიდერები ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩასვლას გეგმავენ - მათ ორ მთავარ მოთხოვნად, ამ დრომდე, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რჩება. ამბობენ, რომ ამ პირობების შესრულების გარეშე, "ოცნებასთან" მოლაპარაკებას არანაირი აზრი არ აქვს.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა მხოლოდ საპროტესტო აქციების ეშინია და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდის.