ოპოზიცია დღეიდან რეგიონებში გასვლას იწყებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს 15 მაისის მასშტაბური აქციისთვის მზადებაა.
გიგი უგულავას თქმით, 15 მაისი ადამიანებისთვის შესაძლებლობაა, რომ მოსახლეობამ თავიანთი ბრაზი გააერთიანოს. როგორც ის ამბობს, ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას მოუსმენს და იმაზე გააკეთებს ფოკუსირებას, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.
"უამრავი გაბრაზებული ადამიანია, რომელიც ცალ-ცალკე აპროტესტებს და თავის აზრს გამოხატავს. 15 მაისი არის შესაძლებლობა, გაერთიანდეს ყველა ოღონდ გაერთიანდეს იმით კი არა, რომ მაინც და მაინც ეს პარტია უყვარდეს ან ეს არ უყვარდეს ან ა.შ. ჩვენ ჩვენი ბრაზი თუ არ გავაერთიანეთ და ხელისუფლებამ არ დაინახა, რომ ასე ვერ გაგრძელდება, რომ ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ შევცვალოთ და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მოვალეობა, ამის გარეშე არ გამოვა. ამიტომ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით, მოვუსმენთ ჩვენს ამომრჩევლებს და იმაზე მოვახდენთ ფოკუსირება, რაც მათთვის არის პირველადი", - თქვა გიგი უგულავამ.
15 მაისს ოპოზიციას მასშტაბური აქცია აქვს დაანონსებული. მათ ორ მთავარ მოთხოვნად, ამ დრომდე, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რჩება. ამბობენ, რომ ამ პირობების შესრულების გარეშე, "ოცნებასთან" მოლაპარაკებას არანაირი აზრი არ აქვს.