ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს, ნამახვანჰესის ავტორები პასუხს აგებენ - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, რომლის თანახმადაც, ისინი კონტრაქტის ნორმატიული აქტის გაუქმებას ითხოვს, რომელიც სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დაიდო.

"სოლიდარობა გვინდა გამოვუცხადოთ რიონის გადასარჩენად დაძრულ დიდ სახალხო ეროვნულ ლაშქარს, რომელთა ბრძოლისუნარიანობით ყველა აღფრთოვანებული ვართ უკლებლივ და რა თქმა უნდა, ლეიბორისტული პარტიის იმერეთის აქტივი, და არა მარტო, იქ დგას ხალხთან ერთად. ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს.

რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, საქართველოში საერთოდ და სამუდამოდ აიკრძალება, მეგა და გიგანტური ჰესების მშენებლობა, ხოლო ნამახვანჰესის ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის აგებენ პასუხს სამართლისა და ერის წინაშე.

ჩვენ შეგვაქვს სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მთავრი კანონის, 29-ე მუხლის შესაბამისად ვითხოვთ, ყველა კონტრაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ ე.წ. კომპანიასთან და რომელიც პრაქტიკულად არის ადამიანის უფლების ხელყოფა",- თქვა ნათელაშვილმა.

რიონის ხეობის მცველები უკვე 172-ე დღეა ნამახვანჰესის აშენებას აპროტესტებენ. აქციამ ქუთაისში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც პოლიციამ მოქალაქეებს ნამახვანის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება შეუზღუდა. პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა. რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელ გუმათში სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი