
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მან საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღო გზავნილები, რომ "ქართული ოცნება" მმართველი გუნდია და მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
როგორც კობახიძე ამბობს, მმართველი გუნდი მზად არის გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით.
"ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით, რაც არაერთხელ დავადასტურეთ. და მომავალშიც მზად ვართ, რომ გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით.
ეს პრინციპები არის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ჩვენ ბუნებრივია ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები",-თქვა კობახიძემ.
30 მარტს ევროპელი საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებს შორის 8 საათიანი მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არც ერთმა მხარემ არ მოაწერა.