არასრულწლოვანის დედას, რომელსაც პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წარუდგინა აღკვეთის სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შვილთან მიკარება ეკრძალება.
როგორც ბრალდებული ამბობს, შვილის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.
"შემაკავებელი ორდერი გამომიწერეს, შვილთან მიახლოება ამიკრძალეს. კანონი სამართალი მათ ხელშია და რასაც უდნა იზამენ. დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ. არ ეტყობოდა მუცელი, მსუქანი ბავშვი იყო, იმიტომ ვერ გავიგე. პროკურორმა თქვა, შვილის გვერდით იყო და როგორ ვერ შეატყო ორსულობაო, მართლა ვერ გავიგე, სანამ ბავშვი არ გააჩინა. ამაზე შემეფარდა 5000 ლარის გირაო", - ამბობს ბრალდებული "მთავართან" საუბარში
როგორც დაცვის მხარის ადვოკატი ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
საქმე ეხება 13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობის შემთხვევას, რომელიც შიდა ქართლში მოხდა. ბავშვს 50-წლამდე კაცი სისტემატიურად აუპატიურებდა, თუმცა შემთხვევა მას შემდეგ გახმაურდა რაც გოგომ იმშობიარა. ის შვილთან ერთად სოციალურმა მუშაკებმა თავშესაფარში გადაიყვანეს.
დედა ამბობს, რომ მისი შვილის ფეხმძიმობაზე არაფერი იცოდა და პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს უარყოფს. როგორც ის ამბობს, გირაოს გადასახდელი თანხა არ აქვს და შესაბამისად, გადასახდელი თანხის სანაცვლოდ მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას დაედო გირავნობა.
ამავე თემაზე: