პანდემია - ხელისუფლების მთავარი იარაღი ოპონენტების დასამარცხებლად

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის გამო ოპოზიციასთან ერთად განგაშს აცხადებს სამოქალაქო სექტორიც. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს ელოდებიან კითხვაზე, თუ რა სისტემით ჩატარდება ქვეყანაში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები. სამოქალაქო სექტორი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმების - საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საფრთხესაც ხედავს. 

საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორის საგანგებო მიმართვა მიიღო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მმართველი პარტიისგან მოითხოვს, განმარტოს, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები და რა ბედი ელის საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას სთავაზობს ორ გზას: არჩევნები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში ან ხმის მიცემა გადანაწილდეს ორ ან რამდენიმე დღეზე, რათა ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ამბობდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობა უკვე საგანგაშო ვითარებამდე მიდის. თუ საგანგებო მდგომარეობა კიდევ გახანგრძლივდება, მესამე სექტორის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ელოდება. 

მთავარი გამოწვევა სისტემას უკავშირდება, თუ შეთანხმება შედგება საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილში და ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ არსებული საარჩევნო სისტემა, ასეთ პირობებში შევძლებთ დავრჩეთ მშვიდად, - ამბობს სულხან სალაძე

ხელისუფლება დღეს ამტკიცებს, რომ პრობლემა არ არის და არჩევნების დათქმულ დროს ჩატარდება. თუმცა სხვა პოლიტიკური ძალები, რომელებიც ახლა უნდა იყვნენ უკვე წინასაარჩევნო ბრძოლაში ჩართული, შეზღუდულები არიან. 

საარჩევნო პროცესი სერიოზულად ზიანდება იმის გამო, რომ კამპანიას ვერ აწარმოებს ვერც ერთი პარტია, ქართული ოცნების გარდა. ეს, ბუნებრივია, ქმნის უთანასწორო გარემოს, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ჯანდაცვის მინსიტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ვადა დამოკიდებულია მხოლოდ თითოეული მოქალაქის ქცევაზე. იგი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, რადგან არჩევნებამდე საკმარისი დრო გვაქვს. მას გარკვეული მოლოდინები აქვს, როგორი შეიძლება იყოს ინფექციის გაგრძელება შემოდგომაზე და ამის შესაბამისად, საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, მზადაა რეკომენდაციების გასაცემად. 

თუ ქართული ოცნება საგანგებო მდგომარეობას გაახანგრძლივებს, პარლამენტმა შესაძლოა საკონსტიტუციო განხილვების ჩატარება ვერ შეძლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ  ქვეყანაში საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი