
მოძრაობა "დროას" წევრევმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა,
თელავში, უკრაინის სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკრაინის დროშებითა და მხარდამჭერი ტრანსფარანტებით, თელავის ცენტრში შეიკრიბნენ.
ორგანიზატორების განმარტებით, უკრაინა ფართომასშტაბიანი დაპირისპირების წინაშეა და საქართველოს მსგავსად, რუსეთის სამხედრო და ჰიბრიდული ომის სამიზნეა.
"რუსეთმა უკრაინაში შეიყვანა ჯარი და უკრაინა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. რუსეთი აგრძელებს ოკუპაციურ პოლიტიკას და გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქვეყანას, რომელიც საქართველოს მსგავსად რუსული აგრესიის მსხვერპლია. 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი დევნილად იქცა. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია" განაცხადა" - თქვა ორგანიზაცია "დროას" წარმომადგენელმა, ნინო გოგოლაშვილმა.
უკრაინის მხარდამჭერ აქციას ორგანიზებას, პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ უწევდა. ანალოგიური აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტარდება.
ავტორი: ია გულიაშვილი.