დეკანოზი მამალაძე გიორგობის დღესასწაულს უკვე მესამედ ციხის საკანში ხვდება. მოლოდინის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა მღვდელმსახური ისევ არ შეიწყალა.
რატომ ჭიანურდება შეწყალების პროცედურები, დეკანოზის ოჯახს თავისი ვერსია აქვს. დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე შეწყალების გაჭიანურებას პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს უკავშირებს.
მაღალი იერარქიის მღვდელმთავრები დღეს სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორესთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა გიორგი მამალაძის შეწყალებაზე და სინოდის შუამდგომლობის შესრულებაზე კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირთ.
მამა გიორგი მამალაძე რომ ხელისუფლების უკანონო პატიმარია, ამაზე ღიად საუბრობენ თეოლოგები. მთავარი არგუმენტი კი არის ის, რომ საპატრიარქომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინებით პასუხისმგებლობა დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლებაზე მთლიანად ხელისუფლებას და პირადად სალომე ზურაბიშვილს დააკისრა.
ის, რომ შეწყალების აქტის გამოცემა პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და დეკანოზ მამალაძის ბედი ახლა მთლიანად სალომე ზურაბიშვილის ხელშია, ამაზე კონსტიტუციონალისტებიც მიუთითებენ.
საქართველოს პრეზიდენტი კი დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს. საპატრიარქოს შუამდგომლობის და მამალაძის ოჯახის არაერთი მიმართვის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის დასრულდება შეწყალების სკანდალის შემდეგ გამოცხადებული მორატორიუმი და კიდევ რამდენ ხანს მოუწევს დეკანოზ მამალაძეს უკანონო პატიმრობაში დარჩენა.