იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გზა აქვთ გადაკეტილი ნამოხვანის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაკავებული 6-ვე პირი - სპორტსმენი ძმები წულუკიძეები, ძმები ჭელიძეები და მათი ორი ბიძაშვილი იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
როგორც სამხარეო პოლიციასთან მოსული ადამიანები ამბობენ, ეს ადამიანები ჩართულები იყვნენ 15 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებაში და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გზას არ გახსნიან მანამ სანამ დაკავებულებს არ გამოუშვებენ.
"ბევრჯერ უნახავთ ჩემი შვილები აქციაზე, ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, ყველაგან სადაც აქცია იყო, ჩემი შვილები იქ იდგნენ. ასე უსამართლოდ დაჭერა, ჯერ არ მინახავს", - ამბობს ძმები წულუკიძეების მამა.
დაკავებულებს ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარედგინათ, საქმის მასალები ადვოკატების ნაწილს გადაეცა, ნაწილი ადვოკატებისა ამ წუთებში იმყოფება პოლიციის შენობაში.
დაკავებულების ახლობლებს კი გზის გახსნისკენ მოუწოდა სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უთხრა რომ პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს.