"ფეისბუქმა" კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილ "ესპერსონასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული გვერდები გააუქმა - ამის შესახებ ფეისბუქისა და ატლანტიკური საბჭოს მკვლევარების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნაშია საუბარი.
511 ფეისბუქ-გვერდი, 101 პროფილი, 112 ჯგუფი და 55 ინსტაგრამის ანგარიში - არაავთენტური ქმედებების გამო წაიშალა.
ინდივიდები, რომლებიც იდგნენ ამ აქტიურობის უკან, იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რათა შეექმნათ გამოგონილი პიროვნებები, განესახიერებინათ ოპოზიციური ლიდერები და ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელები, და მათი სახელით საკუთარი მასალები გაევრცელებინათ, - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, ყალბი პროფილების გააქტიურება განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ხდება, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.
საკმაოდ დიდ მასშტაბებთან გვაქვს საქმე, როგორც ქვეყნის შიგნით დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანიების, ასევე ქვეყნის გარედან მომართული პროპაგანდისტული გზავნილების კუთხით.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია, რაც ბოლო პერიოდში განუხორციელებია ფეისბუქს. ცხადია, ეს არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, როდესაც ასეთი მასშტაბის კამპანიები მიმდინარეობს ქვეყანაში, განსაკუთრებით საარჩევნო წელს და განსაკუთრებით არჩევნების წინ, - ამბობს მიხეილ ბენიძე.
ყალბ პროფილებს შორისაა ვანო მერაბიშვილის სახელით შექმნილი გვერდი, სადაც ყოფილი პრემიერის სახელით ქვეყნდებოდა სტატუსები, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებდა და რომ მხარდამჭერებს გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონოდათ.