
ოპოზიცია 19 აპრილს რიყეზე შეიკრიბება და მოსახლეობას ახალ შტაბსა და 15 მაისს დაგეგმილი აქციის სტრატეგიას წარუდგენს. ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ 15 მაისს დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
"19 აპრილს მოხდება, საერთო ოპოზიციური პოლიტელიტის შეკრება, რიყეზე, ამფითეატრში, სადაც იქნება ის სტრატეგია ხმამაღლა გაჟღერებული, თუ რას ვაპირებთ 15 მაისს. ხოლო, 15 მაისს მთელ საქართველოს ველოდებით რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ამის სწორი დაგეგმვისათვის, დღეს ჩატარდა აუცილებელი ღონისძიებები და გაიცვალა ის აზრები, რომელიც საჭირო იყო გაერთიანებულიყო", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
როგორც პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, 19 აპრილს "იქნება არა აქცია, არამედ დიდი საერთო შტაბის წარმოდგენა".