ძებნილი ბიზნესმენი, რომელსაც ამჯერად ტრეფიკინგში ადანაშაულებენ - ბათუმში მცხოვრები თურქი გალიფ ოზთურქის შესახებ ორიოდე კვირის წინ უკვე მოგიყევით. მას მკვლელობის შეკვეთისთვის სტამბოლის უმაღლესმა სასამართლომ უვადო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსჯა. სწორედ ამიტომ, ბიზნესმენი და ბათუმში უმსხვილესი ინვესტორი, საქართველოს აფარებს თავს. მან მოქალაქეობაც მიიღო და ხელისუფლების უმაღლეს პირებთანაც ხშირად მართავს საქმიან და პირად შეხვედრებს.
გალიფ და კრისტინა ოზთურქებს საჯაროდაც არაერთხელ უთქვამთ, რომ 14 შვილი ჰყავთ. 6 წლის ვიკა კრისტინას პირველი შვილია პირველი ქორწინებიდან, დანარჩენი 13 მას და თურქ ბიზნესმენს სუროგატი დედებისგან ჰყავთ. ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ და ამბობენ, რომ 100 შვილი უნდათ.
ვეიმინ კონგი, 25 წლის ჩინელი ქალი, რომელიც "მთავარ არხს" დაუკავშირდა, ყვება რომ ბათუმში გალიფ ოზთურქთან ერთად დაახლოებით 2 წელი ცხოვრობდა. ამტკიცებს, რომ იმ 13 ბავშვიდან, რომელთა ფოტოები და ვიდეოები ოზთურქების ინსტაგრამ გვერდზე ვნახეთ, 3 მისი შვილია. ამბობს, რომ 2020 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით სხვადასხვა სუროგატმა დედამ მათ 6 ბავშვი გაუჩინა. 2021 წლის 15 მარტამდე ვეიმინ კონგი 6-ივე ბავშვთან ერთად ბათუმში, გალიფ ოზთურქის კუთვნილი სასტუმრო "ეიფორიას" ერთ-ერთ აპარტამენტში ცხოვრობდა. გოგონას ბავშვების მოვლაში 5 ძიძა ეხმარებოდა.
ძიძების მონაყოლის მიხედვით, მათ 21 ბავშვი ჰყავთ სხვადასხვა სახლში. ყველა ბიჭს მისი სახელი - ანუ გალიფი ჰქვია, გოგოს კი გალიფის დედის - ფადიმე. სად არიან დანარჩენი ბავშვები და რატომ არ საუბრობენ ოზთურქები მათ შესახებ ან სად არინ ბავშვების ნამდვილი დედები. ჯერჯერობით, ვეიმინ კონგი ერთადერთი აღმოჩნდა,რომელმაც შვილების გამო ბრძოლა გადაწყვიტა.
ქეთა ციცქიშვილის რეპორტაჟი - "დავა შვილებზე".