"ქართული ოცნების" წევრი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მმართველი გუნდის წევრებმა, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ყველა დარწმუნდა, რომ მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მიქანაძე არ გამოხმაურებია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და აზიის ბიუროს განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვაშინგტონში გულწრფელი საუბრის დახასიათება გულდასაწყვეტი იყო.
"ყველა დარწმუნდა იმაში, რომ სწორედ ოპოზიციამ ჩაშალა ის მოლაპარაკებები და ოპოზიციის წინაშე თუკი ისინი ხელს აწერდნენ დანიელსონის დოკუმენტს დღესდღეობით შეთავაზებულია დოკუმენტი, რომელიც უპირობოდ არის ხელმოწერილი ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირების მიერ.
გამიკვირდება, რომ რურუას საკითხზე იყოს რაიმე განხილვა გამომდინარე, იქიდან, რომ რურუას საკითხი არც დოკუმენტშია და განხილვის პროცესშიც არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის არაერთი მცდელობა იყო, რომ ის დღის წესრიგში მოეხდინა",-თქვა გივი მიქანაძემ.
ოპოზიციის შეფასებით კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წესით "ქართულ ოცნებას" უფრო ეხება, რადგან ვაშინგტონში ვიზიტით ბოლო დღეებში სწორედ მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო ჩასული და არა ოპოზიცია. გარდა ამისა, მათივე თქმით, ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების განცხადებებს ინტერპრეტირებს და სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.
ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო „ტვიტერში“.