აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლობების მორიგი ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები საქართველოში პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს იმ შეთანხმებაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებენ, რომელსაც დღევანდელ მოლაპარაკებებზე წარადგენენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივი განცხადება ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით

თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.

შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა.

ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს",-ნათქვამია განცხადებაში.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღეს, 18 აპრილს 17:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩი, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი დაესწრებიან.

განსახილველი თემა კრიტსიენ დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იქნება, რომელსაც "ქართულმა ოცნებას" ხელი 16 აპრილს მოაწერა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი