ტროლებისა და ბოტების განკითხვის დღე ფეისბუქზე - დაბლოკილ ასობით ანგარიშში რეალური ადამიანებიც მოხვდნენ.
როგორც მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ნოზაძე ამბობს, გაუქმებულია მისი გვერდიც. ნოზაძის განმარტებით, მიზეზი ის ათასობით რეპორტია, რომელიც "ოცნების" მხარდამჭერებმა მისი ფეიჯის წინააღმდეგ დააორგანიზეს.
"ქართული ოცნების" ბოტების კლასტერმა, იმის გამო, რომ იცოდა მოჰყვებოდა ამას ხმაური, დააორგანიზა 2000-მდე ადამიანი, ვის ხარჯზეც მოახდინეს რეალური ადამიანების რეპორტი, რომ გაექროთ. შემდეგ სასაუბრო რომ ჰქონოდათ ამათი ექაუნთებიც წაიშალაო. მე პირადად, ვმართავდი "ნუ მომკლავ"- ს ფეიჯს.
ყველაფერს აკეთებენ გია აბაშიძე, კუჭაშვილი და მაგათი კლანი, სქრინებიც გვაქვს, როგორი ბედნიერები არიან, რომ კარგად გამოუვიდათ ეს ყველაფერი. ვერ გაგვაჩერებენ, მოტივაციას გვაძლევენ ამით, - ამბობს ნოზაძე.
"ქართული ოცნება" ოპოზიციის დემონიზებას ცდილობს - ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ის, რაც ფეისბუქ წმენდამ აჩვენა, ადასტურებს, ხომ ხელისუფლება ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებით ებრძვის.
"მთელი მსოფლიო დაკავებულია კოვიდ 19 ბრძოლით, "ქართული ოცნება" კი დაკავებულია მორიგი ტროლების ფაბრიკების შექმნით. ვნახეთ, ცოტა ხნის წინ ფეისბუქმა ჩაატარა წმენდა, ახლა მეორე ტალღა წამოვიდა, რადგან, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" კვლავ აპირებს საზოგადოება შეიყვანოს დეზინფორმაციაში. აქ ასევე საუბარია ძალიან დიდ ფულზე, რომელსაც ხარჯავს ქართული ოცნება ამ ტროლ ფაბრიკებში, - ამბობს უდუმაშვილი.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გაკვეთილი ვერ მიიღო და იგივე ქსელი გააქტიურა. სერგი კაპანაძე ეჭვობს, რომ მმართველი გუნდი ამ ანგარიშების შექმნასა და აქტიურობაში საბიუჯეტო რესურსს იყენებდა.
ხელისუფლებას ჰგონია, რომ ამით იწერდა ქულებს. ეს უკვე მეორედ გამოააშკარავა ფეისბუქმა. მეორედ მიიღო საკადრისი პასუხის ფეისბუქის მხრიდან "ოცნებამ". აქ ცალკე გამოსაკვლევი საკითხია, რამდენად არის ეს კანონის დარღვევა იმ კონტექსტში, რა ფული იხარჯებოდა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ იხარჯებოდა საბიუჯეტო სახსრები და საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართული.
ცალკე აღსანიშნავია, რომ მხილებული იქნა "ნაციონალური მოძრაობაც", მათ პასუხი უნდა გასცენ ანგარიშების წაშლას, - ამბობს კაპანაძე.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ საქართველოში მოქმედი 1000-მდე ყალბი ანგარიში და მათთან დაკავშირებული გვერდი გააუქმა, საიდანაც 800 კოკა ყანდიაშვილთან, "ქართული ოცნების" მთავარ პიარ-ტექნოლოგთან იყო დაკავშირებული. ტოტალურ წმენდას ამჯერად შეეწირა ყანდიაშვილის პირადი გვერდიც, მისი "ეს პერსონას" ფეიჯი და მასთან დაკავშირებული ტროლების ქსელი. ასევე, ვირტუალურ ხსოვნას ჩაბარდა პრო-კრემლისტური მედია საშუალებების "სპუტნიკისა" და "ნიუს ფრონტის" ქართული ქსელები.