მარსის საჰაერო კვლევები დღეიდან შესაძლებელი გახდება - დღეს დილით, 19 აპრილს, NASA-ს ვერტმფრენი Ingenuity წითელი პლანეტიდან წარმატებით აფრინდა. ეს ისტორიაში პირველი რეაქტიული ფრენა იყო დედამიწის მიღმა სხვა პლანეტაზე.
1,8 კილოგრამის მასის ვერტმფრენი მარსის ეზეროს კრატერიდან აფრინდა და 3 მეტრის სიმაღლეზე დაახლოებით 40 წამის განმავლობაში დაფრინავდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრენა ხანმოკლე იყო, მისი ეს წარმატება რევოლუციური იქნება, რადგან, სამომავლოდ, მარსის კვლევები უფრო დეტალური იქნება და სამომავლოდ გაგზავნილი მარსმავლები თან მინი-ვერტმფრენებსაც წაიღებენ.
NASA-ს მიერ აგებული მანქანის ზომის მარსმავალი Perseverance ეზეროს კრატერის შესასწავლად 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვა წითელ პლანეტაზე. მას პლანეტამდე მისაღწევად დაახლოებით 7 თვე დასჭირდა.
ინჟინრებმა პერსის (Perseverance-ს შემოკლებით ასეც უწოდებენ) თან გაატანეს მარსის ექსპერიმენტული ვერტმფრენი Ingenuity. მას მარსის გაიშვიათებულ ატმოსფეროში ფრენის სტაბილურობა უნდა ეჩვენებინა, რისი წარმატების შემდეგაც ის 30 მარსული დღის (30 დედამიწის დღე) განმავლობაში მარსმავალის მარშრუტისთვის საუკეთესო გზებს დაზვერავს. კამერის გარდა, ვერტმფრენს არც ერთი სამეცნიერო ინსტრუმენტი არ აქვს და ის დედამიწასთან პერსიზე მოთავსებული რადიოსადგურის დახმარებით კომუნიცირებს.