ვინ დაითვლის ხმებს თვითმმართველობის არჩევნებზე? ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ოპოზიციას შარლ მიშელის ახალმა დოკუმენტმა გაუჩინა. ვინ იქნება ცესკოს თავმჯდომარე, ისევ თამარ ჟვანია თუ ვინმე სხვა, ეს საკითხი ბუნდოვანია.
დოკუმენტის მე-2 პუნქტი ამბიციურ საარჩევნო რეფორმას გულისხმობს. მასში საუბარია როგორც თვითმმართველობის ასევე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებზეც, მაგრამ ცვლილებები არ ეხება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს. დოკუმენტში წერია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული, ბარიერი კი ბუნებრივიდან 2%-მდე.
რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, მას პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით. მისი მოადგილე კი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდება 8 პროპორციული და 9 პარტიული წევრით.
ამ შემოთავაზების მიხედვით გამოდის, რომ 8 პროფესიულ წევრს ისევ სახელისუფლებო პარტია დაამტკიცებს, რადგან წინააღმდეგობის შემთხვევაში საკმარისი იქნება მათი უბრალო უმრავლესობით არჩევა.
5 პუნქტიანი დოკუმენტის მესამე პუნქტი სასამართლო რეფორმას შეეხება. შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით უნდა შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა. უნდა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება.
დოკუმენტში განხილულია გენერალური პროკურორის დანიშვნის წესიც. მისი არჩევა გამჭვირვალედ და მხარეების ჩართულობით უნდა მოხდეს, თუმცა ეს პროცედურა მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, როცა მოქმედ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, (2026 წელი).