სალომე სამადაშვილი, რომელმაც გუშინ, 19 აპრილს შარლ მიშელის მიერ შემოთავზებულ დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, Facebook-ზე წერს, რომ ის პარლამენტში საქმიანობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით აღარ გააგრძელებს.
როგორც სამადაშვილი განმარტავს, ის ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, მასთან კონსულტაციებს გაივლის და პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს.
"გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ ენმ-ის უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა ენმ-საც, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს იზოლირება გაუკეთოს, როგორც 'დესტრუქციულ' ძალას. რადგან ჩემი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად მე, პირადად ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე, სწორედ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავტოვე ენმ? ამ ეტაპზე, მე ცხადია აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს - ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას. იმედია, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დანარჩენს კი, საღამოს ეთერებში გაგიზიარებთ, უფრო დეტალურად",-წერს სამადაშვილი.
შარლ მიშელის შემოთავაზების საბოლოო ვერსიას ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ხელი გუშინ, 19 აპრილს ორბელიანების სასახლეში მოაწერეს.
ამ ეტაპზე შეთანხმებას ხელს არ აწეს "ენმ" , "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტები".