კასტეტით გატეხილი თავი, ტვინის შერყევა, დაზიანებული თვალი და 8 ნაკერი შუბლზე - 26 ნოემბრის გამთენიისას აქციის დაშლას უსისხლოდ არ ჩაუვლია.
საუნივერსიტეტო კლინიკაში გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ადასტურებს, რომ სპეცრაზმმა თენგიზ ქუთელიას ფიზიკური დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენა. დაზარალებული იმ მშვიდობიან პროტესტანტებს შორის იყო, რომლებიც სპეცრაზმმა რუსთაველზე უკვე მესამედ დაარბია.
დაზარალებული პირველად „მთავარ არხთან“ იხსენებს, რა ხდებოდა 26 ნოემბერს გამთენიისას პარლამენტის წინ. მისთვის ყველაზე გამაოგნებელი მაინც პოლიციის გულგრილობაა. კვლავაც ვერ იაზრებს, როგორ უთხრეს სამართალდამცველებმა უარი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახებაზე.
აფხაზეთიდან დევნილი და სოციალურად დაუცველი თენგიზ ქუთელია ინგოროყვას კლინიკიდან სახლში უკვე გაწერეს. მას არც მკურნალობის გაგრძელების ფინანსური შესაძლებლობა აქვს. ამბობს, რომ ხელისუფლებამ სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ მოუხსნა, რომ მათი ამომრჩეველი არ იყო.
50 წლის თენგიზ ქუთელია უკვე სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. განიცდის, რომ 26-წლიანი დევნილობის შემდეგ, უცხო ქვეყანაში გადახვეწილს, ლტოლვილის სტატუსი ექნება. თუმცა მანამდე, ბრძოლას ბოლომდე აპირებს, იმედს არ კარგავს, რომ რეალობის შეცვლა სამშობლოშიც შეუძლია.