ნაკაშიძის ქუჩაზე, სადაც ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელიც თავს "გლოვოს" კურიერად ასაღებდა, ლევან ათანეიშვილს გარეთ ელოდებოდა, მას შემდეგ, რაც ათანეიშვილი ქუჩაში გამოვიდა, მან რამდენჯერმე გაისროლა და ათანეიშვილს 2 ტყვია მოახვედრა.
ამის შემდეგ პირს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, დაჭრილის მეგობრები დაედევნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე ათანეიშვილი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
"პაციენტი დღეს ჩვენს კლინიკაში მოყვანილია, ცეცხლსასროლი ჭრილობებით მარცხენა ბარძაყისა და მარცხენა მხრის არეში. ზომიერად სისხლმდენი ჭრილობები იყო. ჩაუტარდა პირველი ქირურგიული დახმარება ამჟამად იმყოფება ქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ. სასიცოცხლო ორგანოები დაზიანებული არ არის",- თქვა ექიმმა.
მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა და კონფლიქტის მონაწილეებს უთანხმოება წარსულშიც ჰქონდათ.