Apple-ს ახალი პროდუქტები და სერვისები - გაზაფხულის პრეზენტაცია მოკლედ

გამოქვეყნდა:

აპრილში დაგეგმილ პრეზენტაციაში, რომელსაც Spring Loaded ერქვა, კომპანია Apple-მა არაერთი განახლებული პროდუქტი თუ სერვისი წარმოადგინა. მათ შორის ყველაზე ყურადსაღები ახალი iMac იყო, რომელიც Apple-ის მიერვე დამზადებულ ახალ ჩიპ M1-ზეა აწყობილი. როგორც მოგეხსენებათ, კომპანიამ გასულ წელს დააანონსა, რომ Intel-ის პროცესორის ნაცვლად, მომავალ პროდუქტებს თავიანთ პროცესორზე ააწყობდნენ.

ასეც მოხდა. 2020 წელს ინოვაციურ პროცესორზე აწყობილი MacBook Pro-ს, Macbook Air-ისა და Mac Mini-ს ახალი ოჯახი ვიხილეთ. რამდენიმე თვის შემდეგ კი, გუშინ, კომპანიამ M1-ზე მომუშავე მოწყობილობების ოჯახს კიდევ ორი წევრი მიუმატა: iMac და iPad Pro. 

ამ სტატიაში მოკლედ გაგაცნობთ ყველა სერვისსა და პროდუქტს, რომლის შესახებაც გუშინ კუპერტინოში მდებარე Apple Park-იდან ისაუბრეს.

იასამნისფერი iPhone 12

2020 წლის 23 ოქტომბერს Apple-მა ტრადიციულ შემოდგომის პრეზენტაციაზე ახალი iPhone 12 გამოუშვა. როგორც წინა რამდენიმე მოდელზე, ამ სმარტფონის არჩევისასაც უამრავი ფერის არჩევა შეგეძლოთ. თუმცა, არ იყო იასამნისფერი. გუშინდელ პრეზენტაციაში კი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა სწორედ ამ ფერის iPhone 12 დააანონსა. ის სხვა iPhone 12-ებისგან მხოლოდ და მხოლოდ ფერით განსხვავდება.

იასამნისფერი iPhone 12 და iPhone 12 mini წინასწარი შეკვეთით 23 აპრილიდან გაიყიდება, ხოლო ხელმისაწვდომი უკვე 30 აპრილიდან გახდება. ახალი ფერის სმარტფონს შეგიძლიათ ამავე ფერის MagSafe-ის ტყავის ჩასადებიც კი შეუხამოთ. აქსესუარის გაყიდვა უკვე დაიწყო.

M1 ჩიპზე მომუშავე ახალი iMac

ახალ დესკტოპ კომპიუტერს ახალი, უფრო თხელი დიზაინი აქვს. როგორც iPhone-ები, ახალი iMac-იც სხვადასხვა ფერებშია: წითელი, ცისფერი, იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ვერცხლისფერი და მწვანე. აქვე გავიხსენოთ, რომ 20 წლის წინ გამოშვებული პირველი iMac-ებიც სხვადასხვა ფერებში იყო. ახალი თხელი დიზაინი დიდ iPad-ს ძალიან წააგავს. კომპანიის თქმით, მათ კომპიუტერის მოცულობა 50%-ით შეამცირეს, რის ხარჯზეც უფრო ადვილად მოათავსებთ მაგიდაზე. 

მას 24 დიუმიანი 4,5K რეზოლუციის ეკრანი და Full HD (1080p) კამერა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის არც ერთ კომპიუტერს ამ რეზოლუციის კამერა არ ჰქონია. მაქსიმუმი იყო HD (720p). Apple აცხადებს, რომ კამერას დაბალ განათებაშიც კი ეფექტურად შეუძლია მუშაობა. სტანდარტული მონაცემების მქონე iMac-ის ფასი $1229-დან იწყება, ხოლო თუ უფრო ძლიერი გსურთ, მაშინ მისი ფასი $1499 იქნება. წინასწარი შეკვეთები 30 აპრილიდან დაიწყება და მომხმარებლები პროდუქტს მაისის მეორე ნახევარში მიიღებენ.

განახლებული iPad Pro - M1 ჩიპზე მომუშავე პლანშეტი

დღევანდელ დღემდე, ყველა iPad იყენებდა A სერიის ჩიპს, რომელიც iPhone-ებში გვხვდება. პრეზენტაციაში კი Apple-მა M1-ზე მომუშავე 12,9 და 11 დიუმიანი iPad Pro-ები დააანონსდა. კვლავ შეგახსენებთ, რომ ეს ჩიპი კომპანიის მიერ გამოშვებულ ახალ კომპიუტერებში დევს. Apple-ის თქმით, ახალი პლანშეტი ბაზარზე ყველაზე მძლავრი იქნება.

ახალი iPad Pro-ს დაკავშირება მაღალი რეზოლუციის მონიტორებთან USB-C სადენით იქნება შესაძლებელი. ამ პორტის წყალობით, პირდაპირ კამერიდან ფოტოებს ბევრად უფრო სწრაფად ჩამოტვირთავთ. 12,9 დიუმიან პლანშეტს განახლებული, უფრო ნათელი და უკეთესი ფერებით აღჭურვილი ეკრანი აქვს. მოწყობილობის ფასი $799-დან იწყება.

AirTag - დაკარგული ნივთის საპოვნელი აქსესუარი

გუშინ ასევე დაანონსდა AirTag-ები, რომლის გამოშვებაზეც ინტერნეტში არაერთი ჭორი დიდი ხნის განმავლობაში ტრიალებდა. კომპანიამ მას iPhone-ის აქსესუარი უწოდა, რომლის ფასიც $29-დან იწყება, მაგრამ თუ 4 ცალს ერთად შეიძენთ, $99-ში ჩაეტევით.

გასაღებზე, ხელის ან ზურგჩანთაზე ან ნებისმიერ სხვა ნივთზე მიმაგრებული AirTag იყენებს გლობალურ ქსელს Find My. მისი წყალობით, ნებისმიერი დაკარგული ნივთის პოვნა უმარტივესადაა შესაძლებელი, ხოლო ლოკაციის მონაცემები დაცულობასთან და ანონიმურობასთან ერთად, სრულიად დაშიფრულია და კომპანიას მისი წაკითხვა არ შეუძლია. გაყიდვები პარასკევს, 30 აპრილს დაიწყება.

ახალი Apple TV 4K და მისი პულტი

Apple TV-ის ახალი ყუთი განახლებული პროცესორითაა აღჭურვილი, რომელსაც წამში უფრო მეტი კადრის გაშვება შეუძლია, ეს კი უფრო გლუვ და ფერად გამოსახულებას იძლევა. ყუთში A12 Bionic ჩიპი დევს, რომელიც გრაფიკას, ვიდეოს დეკოდირებასა და აუდიოს დამუშავებას შესამჩნევად აუმჯობესებს.

მოწყობილობას ასევე Siri-ზე მომუშავე პულტი მოჰყვება, რომელიც, კომპანიის თქმით, „ინტუიციური ნავიგაციის კონტროლებითაა“ აღჭურვილი. 32 გიგაბაიტიანი ყუთის ფასი $179-ია და მისი წინასწარი შეკვეთები 30 აპრილიდან, ხოლო შიპინგი მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

განახლებული Apple Card ოჯახებისთვისა და ბავშვებისთვის

Apple-ის თქმით, საკრედიტო ქულები არასამართლიანად იწერება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ წყვილებს საკრედიტო ხაზის გაყოფა და საკრედიტო ქულების ერთად დაგროვება შეეძლებათ. Apple Card-ის ახალი ფუნქცია აშშ-ში მაისში გახდება ხელმისაწვდომი და გარდა საკრედიტო ქულების დაგროვებისა, მშობლებს შეეძლებათ ბარათი საკუთარ ბავშვებს (13 წლიდან ზემოთ) გაუზიარონ და თანხის დახარჯვის ზღვარიც დაუწესონ.

Apple Card პირველი საკრედიტო ბარათია iPhone-ისთვის და კომპანიის თქმით, ის ადამიანების უკეთესი ფინანსური ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი. ის Apple Wallet-შია ჩაშენებული და Apple-ის თანახმად, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ახალ დონეს წარმოადგენს.

პოდკასტების სერვისის შეძენა

Apple-მა შემდეგი თვისთვის პოდკასტების სერვისის შეძენა დააანონსა. ტექნოლოგიური გიგანტის ეს გადაწყვეტილება Spotify-სა და სხვა მის მსგავს სერვისებს უფრო დიდ კონკურენციას გაუწევს.

კომპანია Apple Podcast-ის აპლიკაციის ახალ იერსახესაც შემოგვთავაზებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი