რუსი ოკუპანტების სამიზნე ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტია. ხის ძელები სოფელ დვანში, დირბსა და ტახტისძირთან 500 მეტრის სიგრძეზე, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, გუშინ გაჩნდა. ეს იმის მანიშნებელია, რომ მალე აქ ახალი, საოკუპაციო ხაზი გაივლის.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე 15 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწა ექცევა, გაცილებით დიდი ფართობისაა უკვე დაკარგული საძოვრები.
"ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს მალავს და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას აგრძელებს. ქარელის მერის წარმომადგენელი კი ამტკიცებს რომ ბორდერიზაციის განახლების შესახებ შესაბამისი უწყებები საქმის კურსში ჩააყენა.
პერიმეტრზე, სადაც ფორმიანებმა ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს, დღეს მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა შეინიშნებოდა. ოკუპანტები როგორც ქვეითად, ისე სატვირთო მანქანებით გაადადგილდებოდნენ.
მცოცავი ოკუპაციის განახლების მიუხედავად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა. სტანდარტული განცხადება მხოლოდ სუს-მა გაავრცელა, სადაც ამბობენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.