შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლების ერთადერთი გზა, 20 ივნისის ამნისტიაა. თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ამნისტიაზე უარს ამბობს, სამართალდამცველების მიმართ ამნისტიის განხორციელების წინააღმდეგია არახელმომწერი ოპოზიციაც.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პოლიციელებზე ამნისტიის გამოცხადებას არ ეთანხმება, თუმცა, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად სხვა გზა აღარ დარჩა.
"ერთადერთი, რა საკითხზეც ჩვენ მხარს დავუჭერთ ამნისტიის განხორციელებას, არის ამნისტია საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის საერთაშორისო უფლებების სრული დაცვით, სხვა შემთხვევაში ჩვენ ამნისტიას მხარს არ დავუჭერთ, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არსად არ წერია, რომ ეს შეთანხმება უნდა იდგეს საქართველოს კონსტიტუციაზე და ადამიანის უფლებებზე მაღლა. ზოგადად არ ვეთანხმებით პოლიციელებზე ამნისტიის განხორციელებას, მაგრამ თუ საერთოდ არ დარჩა სხვა გზა, იმისთის, რომ მივაღწიოთ ნიკა მელიას თავისუფლებას, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ შედარებით მსუბუქ დარღვევებზე განხორციელდეს ამნისტია, მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულების თანხმობით", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, როგორც მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, ამნისტიის საკითხი ხელმოწერამდე უნდა განსაზღვრულიყო, მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ხელმომწერი ოპოზიცია იზრუნებს იმაზე, რომ სამართალდამცველების ამნისტირება არ მოხდეს.