ისეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც ენმ აკეთებს, შეთანხმების ჩაშლის მცდელობაა - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ამნისტიის კანონის მიღება ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

გია ვოლსკის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და "მასზე აყოლილი" პარტიები, მიღწეული შეთანხმების აღსრულების ჩაშლას ცდილობენ.

"პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აიღონ პოლიტიკურმა სუბიექტებმა თავის თავზე, გულისხმობს, არა კონკრეტულ გვარებს, არამედ აქტს, რომელმაც გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციისთვის.

ეს არის აქტი, ეს არის გამოხატულება, დამოკიდებულება, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა გამოხატონ პოლიტიკური ვითარების მიმართ და საქართველოში სტაბილურობისთვის რაღაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ აქტით.

აქ ამ საკითხთან დაკავშირებით, ესეთი პოზიციებით გამოსვლა, როგორც ნაციონალური მოძრაობა აქტივებს და სხვა კიდევ მასზე აყოლილი, ეს არის ჩაშლის მცდელობა იმ შეთანხმების, რასაც მივაღწიეთ",- თქვა ვოლსკიმ.

შარლ მიშელის ხუთპუნქტიან დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს შეეხება.

ამნისტიის კანონი პარლამენტში შესულ ოპოზიციაში გაურკვევლობას იწვევს. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, უმტკივნეულოდ შეუთავსონ ერთმანეთს ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება და 20 ივნისის სისხლიან საქმეზე ბრალდებული სამი პოლიციელის გამართლება.

საგანგებო შეხვედრაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, გადაწყვიტეს, ხელისუფლებას ამნისტიის პროცესში გავრილოვის ღამის დაზარალებულების ჩართვა შესთავაზონ, თუმცა ოპოზიცია აცნობიერებს, რომ ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი მთლიანად "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი