გელათი ერთადერთი საფუძველია - კულტურის სფეროს წარმომადგენლები ანთიძის წასვლაზე

გამოქვეყნდა:

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის მხრიდან თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები მომხდარს გელათის ტაძრის რესტავრაციას უკავშირებენ.

"ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ კულტურის მიმართულებით ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემა არ ჰქონია, რაც გელათის კრიზისია. მისი თქმით, ანთაძის თანამდებობის დატოვება სწორედ ამას უკავშირდება.

"ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არის ერთადერთი საფუძველი, რატომაც შეიძლება გადამდგარიყო, ნიკა ანთიძე თანამდებობიდან. საქართველოს ხელისუფლებას ამაზე დიდი პრობლემა კულტურის მიმართულებით, რაც გელათის კრიზისია, ამ დრომდე არ ჰქონია, შესაბამისად ეს კრიზისი დაუძლეველი აღმოჩნდა, გამომდინარე იმ ბრძოლიდან, რაც მას მოჰყვა და საზოგადოების წნეხიდან. შესაბამისად იძულებული გახდნენ, ეს ერთი თანამდებობის პირი ჩამოეცილებინათ საქმიდან", -თქვა ბარათაშვილმა.

ბარათაშვილი ასევე ამბობს, რომ გელათის პრობლემას მხოლოდ ერთი ადამიანის თანამდებობის დატოვება ვერ მოაგვარებს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საქმეში დროულად ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ხელახლა დაწერენ გელათის რესტავრაციის გეგმას.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ერთ ადამიანზე არ იყოს მთელი კულტურა დამოკიდებული. უდიდესი ფუნდამენტური პრობლემებია ამ სფეროში, შესაბამისად, აქ საჭიროა ძირეული ძვრები და რა თქმა უნდა, ერთი დირექტორის გადადგომით საქმე არ იძვრება. გელათი ისევ მძიმე მდგომარეობაშია, ამ დრომდე, ამ წუთებშიც გრძელდება პროგრესირება და რა თქმა უნდა, თანამდებობიდან გაშვება, გელათში არსებულ კრიზისს ვერ ძლევს",- თქვა მან.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე თანამდებობიდან გუშინ, 21 აპრილს გადადგა.

არსებული ინფორმაციით, ანთიძის განცხადება წასვლის თაობაზე, უკვე დააკმაყოფილა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი