ახლაც ცდილობენ ჩაშალონ ხელშეკრულება - პაპუაშვილი ენმ-სა და "ევროპულ საქართველოზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, ვინც 20 ივნისის საქმესთან კავშირშია, მათ შორის სამართალდამცველებსაც. როგორც ის აღნიშნავს, ეს შემოთავაზება მხარეებმა შარლ მიშელისგან მიიღეს.

პაპუაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ხელშეკრულებას ხელს შეთანხმების ჩაშლის მიზნით არ აწერენ.

"ჩვენ გვაქვს ბრალდება, რომელიც წაყენებულია ძალადობაში და ძალადობის დაორგანიზების კუთხით ნიკა მელიას და რამდენიმე პირის წინააღმდეგ.

რაც შეეხება სამართალდამცველებს, არის უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით ბრალი წაყენებული. სწორედ შემოთავაზებაც არის ეს, მედიატორის, შარლ მიშელისაც და კონკრეტულად შარლ მიშელისაც, შემიძლია გითხრათ.

ეხება ყველას, ყველა სისხლის სამართლის დანაშაულს, ან სავარაუდო დანაშაულს, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისთან.

შეთანხმების ნაწილია ამნისტიის კანონის ერთობლივი ინიცირება. რა თქმა უნდა, ხელი მოწერილი არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს. ვიცით, რომ ისინი ცდილობენ ჩაშალონ ეს ხელშეკრულება და არ უნდათ საკუთარი მარცხის აღიარებას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, რომლებმაც, როგორც იქნა, შეძლეს და გაემიჯნენ ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს დღის წესრიგს და დატოვეს ისინი დამარცხებულები და თავად შემოდიან პარლამენტში, ისინი მხარს უჭერენ",- თქვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის ხუთპუნქტიან დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს შეეხება.

ამნისტიის კანონი პარლამენტში შესულ ოპოზიციაში გაურკვევლობას იწვევს. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, უმტკივნეულოდ შეუთავსონ ერთმანეთს ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება და 20 ივნისის სისხლიან საქმეზე ბრალდებული სამი პოლიციელის გამართლება.

საგანგებო შეხვედრაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, გადაწყვიტეს, ხელისუფლებას ამნისტიის პროცესში გავრილოვის ღამის დაზარალებულების ჩართვა შესთავაზონ, თუმცა ოპოზიცია აცნობიერებს, რომ ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი მთლიანად "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი