
კოკა ყანდიაშვილის ბრალდებას, რომ ფეისბუქმა ფეისბუქ-გვერდები ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების გამო წაშალა, სამოქალაქო სექტორში არასერიოზულს უწოდებენ.
მათი განცხადებით, სიცრუისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების წყაროებს თავად ფეისბუქ-ადმინსტრაციაც სწავლობს და შესაბამისად მოქმედებს. ენჯეოების თქმით, ახლოვდება არჩევნები და მსგავსი დეზინფორმაციისგან სოციალური მედიის გაწმენდა მნიშვნელოვანია.
ეს იყო "ფეისბუქის" გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისა და იმ პოლიტიკური აქტორების მიმართ, რომლებიც ჩვენს სივრცეში ოპერირებენ. ის არ დაუშვებს არაბუნებრივი ჩარევის მიზნით, ისეთი დემოკრატიული პლატფორმის გამოყენებას, როგორიცაა სოციალური მედია. მისი პრეტენზია უნდა იყოს მიმართული სანქციების ავტორების მიმართ. მე ვფიქრობ, ფეისბუქის ქმედება აბსოლუტურად დასაბუთებული იყო, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი ცრუ ანგარიშების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ხელისუფლებს ოპონენტების წინააღმდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ.
ძალიან შემაშფოთებელია, როცა ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი პირების ამ რაოდენობის რესურსი იხარჯება დეზინფორმაციის გავრცელებაში, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ქსელების რაოდენობა და მათი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაიზარდოს მომდევნო პერიოდში, არჩევნების მოახლოებისთანავე, - ამბობს მიხეილ ბენიძე.
შეგახსენებთ, რომ "ფეისბუქმა" 511 ფეისბუქ-გვერდი, 101 პროფილი, 112 ჯგუფი და 55 ინსტაგრამის ანგარიში - არაავთენტური ქმედებების გამო, ორი დღის წინ წაიშალა.
სოციალური ქსელის ადმინისტრციის მიერ განხორციელებულ ტოტალურ წმენდას შეეწირა "ქართული ოცნების" მთავარი პიარ-ტექნოლოგის, კოკა ყანდიაშვილის პირადი გვერდი, მისი S-პერსონა და მასთან დაკავშირებული ტროლების ქსელი. ასევე, გაუქმებულია კრემლის მედიასაშულებების მსოფლიო ქსელი.