"ნიკას პოზიცია ისევ იგივეა, ტყუილად ნუ ცდილობენ ამ ტვირთის ნიკა მელიაზე აკიდებას, ეს მათ არ გამოუვათ. ამ ბრძოლაში ნიკა მელია არის მორალურად ყველაზე ძლიერი, მას გააჩნია მორალური უპირატესობა", - ასეთ განცხადებას აკეთებს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი პოლიტიკოსების განცხადებების კომენტირებისას.
მისივე თქმით, ახლა ხელმომწერი პოლიტიკოსები ცდილობენ "ნიკა მელიას იმიჯის შელახვას" და ტყუილია ის განცხადებები, რომ ამნისტიის კანონის მიღება "არის ერთადერთი გზა ნიკა მელიას ციხიდან დახსნის".
"ზოგიერთი კომიკური პოლიტიკოსის მცდელობა, რომ რაღაც იმიჯი შეულახონ ნიკას, დასაწყისშივე ფუჭია. პარადოქსულია დღეს არსებული სიტუაცია, რომ ცდილობენ ისრები გადმოიტანონ ნიკაზე და საზოგადოებას აუხსნან, თითქოსდა იძულებულები არიან მიიღონ ამნისტიის აქტი და შეიწყალონ მოძალადე პოლიტიკოსები თუ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ვინაიდან ნიკამ უარი განაცხადა ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე. აბსოლუტურად თავხედური ტყუილია, არანაირი კავშირი ამნისტიასა და გირაოს შორის არ არის, ვსვამ კითხვას, ნიკა მელიამ ხვალ რომ გადაიხადოს გირაო, არ უწერიათ ხელშეკრულებაში ხელმომწერებს, რომ ვალდებულები არიან ამნისტიის კანონი მიიღონ?", - ამბობს კონდახაშვილი.
ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია, ის არ დაუშვებს საკუთარ თავისუფლებას, 20 ივნისის ამნისტიის ხარჯზე.