ნიკა მელიას სახელით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და ქართულ ოცნების საპასუხოდ, განცხადება ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი კოლეგებს აფრთხილებს, რომ მისი სახელი თავიანთი ქმედებების გამართლებისთვის აღარ გამოიყენონ.
ნიკა მელია ამბობს, რომ გირაოს გადაუხდელობის თემა კავშირში, საერთოდ არ არის დოკუმენტში არსებულ 20 ივნისის ჩანაწერთან. მეტიც, როდესაც გავრილოვის სისხლიანის ღამის ამნისტიას ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერდა, ნიკა მელიასთან ეს საკითხი არც გავლილი და არც შეთანხმებული ყოფილა.
შარლ მიშელის დოკუმენტში პირველ პუნქტად - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საქმეებია გამოტანილი, სადაც გირაო მართალაც ნახსენები არსად არ არის და საუბარია მხოლოდ ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებაზე.
მმართველი პარტია ჩანაწერს სათავისოდ კითხულობს და დარწმუნებით ამბობს, ის 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოძალადე პოლიციელებსაც შეეხებათ.
ხელმომწერები ამტკიცებდნენ რომ 20 ივნისის ამნისტიაზე პასუხისმგებლობის ტვირთის გადატანას ნიკა მელიაზე არ ცდილობენ და ამ პუნქტის შესრულების ვალდებულება ხელმომწერებს აქვთ აღებული. ამბობენ, რომ მუშაობენ იმისთვის, რომ ნიკა მელიამ ამნისტიამდე სხვა გზებით, მათ შორის ევროპარლამენტარების თავდებობით დატოვოს საპატიმრო.
ოპოზიციის ის ნაწილი კი რომელმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ფიქრობს რომ ოპოზიციონერების ნაწილმა იჩქარა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის ევროპარლამენტარების თავდებობას არ დათანხმდება.
დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას არჩილ თალაკვაძე ორშაბათს კონსულტაციებისთვის პარლამენტში ელოდება. შეთანხმების მიხედვით, სამშაბათს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს.