შეშინებული და გაუწონასწორებელი ლიდერი, რომელიც ქვეყანას მართავს - ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტების და მისი ყოფილი თანაგუნდელების დასკვნა „ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართვის შემდეგ.
ივანიშვილის ორსაათიანი ინტერვიუ მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა მისი ყოფილი თანაგუნდელებისთვის. ივანიშვილის ძველი პარტნიორები ამბობენ, რომ მას რეალობის შეგრძნება სრულიად დაკარგული აქვს, მოვლენებს მხოლოდ თავისი გადასახედიდან აფასებს და მის ინტერესს განსხვავებული აზრის დევნა წარმოადგენს.
ყოფილი პოლიტიკური პარტნიორების მწვავე შეფასების განეიტრალება „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სცადეს. მინისტრების ბრიფინგზე გამოსვლას ერთმანეთის ასწრებდნენ იმისთვის, რომ ეთქვათ, როგორი ღრმა ანალიზი დადო ბიძინა ივანიშვილმა 25 ნოემბრის ღამეს.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩენილი ივანიშვილი სახიფათოდ გამოიყურება ანალიტიკოსებისთვის. მისი მტრული რიტორიკა დასავლეთისა და ოპონენტების მიმართ, საზოგადოების დაყოფა მომხრეებად და მტრებად, მათ აფიქრებინებთ, რომ ივანიშვილის მმართველობა ყველაზე მძიმე სტადიაშია და სულ მალე ის მკაცრ გაფრთხილებას დასავლეთიდან მიიღებს.
ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ქართულ საზოგადოებას 20 ივნისის სისხლიანი აქციების შემდეგ საზოგადოებრივი პროტესტის გასანეიტრალებლად დაპირდა.