
არა ჯალათების ამნისტიას! - 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულებმა სამშაბათს, 27 აპრილს, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაგეგმეს. როგორც აქციის ორგანიზატორები Facebook-ზე წერენ, მოძალადე, დამიზნებით მსროლელი პოლიციელებისა და უკაკნონო ბრძანების გამცემი ხელმძღვანელი პირების ამნისტიას არ შეეგუებიან.
მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომელსაც მიაჩნია, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა, ადამიანების გამიზნული დასახიჩრება, ჯალათი პოლიციელებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების გათანაბრება არავის უნდა შერჩეს, გამოდით სამშაბათს, 27 აპრილს, 11 საათზე და ერთად გავაპროტესტოთ დანაშაულის ლეგიტიმაცია, - წერენ აქციის ორგანიზატორები.
მანამდე კი, მოძრაობა "შეცვალე", მოძრაობა "საქართველოსთვის" და "დემოკრატიული მომავლისთვის" იგივე საკითხის გასაპროტესტებლად ხვალ, 25 აპრილს, 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
სისხლიანი ღამის დაზარალებულები ამბობენ, რომ 20 ივნისის ამნისტია ანტისახელმწიფოებრივია, ის რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის - გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზეა ორიენტირებული.
მათივე თქმით, კანონპროექტმა შესაძლოა ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი დამნაშავე სამართალდამცავები, ისე დაზარალებულები, რაც ამორალური და დანაშაულებრივია.