
ბათუმის საკრებულო საგანგებო სხდომის ჩანიშვნას არ აპირებს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე ამბობს, ამ გადაწყვეტილებით თვითმმართველობამ მოსახლეობას უთხრა, რომ მათი პრობლემები ხელისუფლებას არ აინტერესებს. ქამადაძის შეფასებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლოა.
საგანგებო სხდომის გამართვას, სადაც ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაზე იქნებოდა საუბარი, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ითხოვდა, თუმცა მმართველმა პარტიამ უარი თქვა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს წერილობით გვაცნობა, რომ არ აპირებს რიგგარეშე სხდომის მოწვევას და ფაქტობრივად ამით ჩვენ თანაქალაქელებს უთხრა, რომ ბათუმის საკრებულოს არ აინტერესებს მათი პრობლემების განხილვა. გნებავთ თუ არ გნებავთ, გაიძულებთ, აუცილებლად მოგიწევთ თქვენ საგანგებო ბიუჯეტის წარმოდგენა, - აცხადებს მირდატ ქამადაძე.
ქამადაძეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა და განმარტა, რომ ბიუჯეტში ნებისმიერი სახის ცვლილება მერთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულო არ არის უფლებამოსილი ბიუჯეტზე იმსჯელოს.
მერთან თანხმობის გარეშე ბიუჯეტის ცვლილებაზე საკრებულო არაა უფლებამოსილი რომ იმსჯელოს და ამავე კანონით ვერც დაავალდებულებ, რაიმე ცვლილებები შეიტანოს ბიუჯეტში მერის თანხმობის გარეშე. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს არის მორიგი ხმაური, - ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე.