ისტორია კაცზე, რომელსაც მეხი 7-ჯერ დაეცა და გადარჩა

გამოქვეყნდა:

არსებობს უბრალოდ ცუდი იღბალი და ასევე არსებობს "ერთ სიცოცხლეში მეხის შვიდჯერ დაცემა" იღბალი. ამ უკანასკნელ კატეგორიაში მოხვედრა ამერიკელმა რეინჯერმა როი სულივანმა მოახერხა.

სულივანი 1912 წელს დაიბადა და 1983 წელს მოკვდა. თავისი 71 წლიან ცხოვრებაში მას მეხი შვიდჯერ დაეცა. ასევე, არსებობს იმისი ეჭვიც, რომ რვაჯერ დაეცა, უბრალოდ ეს ვერ დასტურდება, რადგან მის ღრმა ბავშვობაში მოხდა. მისი ცხოვრება იმდენად უცნაური იყო, რომ მასზე საუბრისას პირველი ის ფაქტი არ გაგახსენდებათ, რომ ის ოდესღაც დათვებს 22-ჯერ შეებრძოლა - დიახ, ესეც მცირე მონაკვეთია მისის ცხოვრებიდან.

ქვემოთ შვიდივე შემთხვევის შესახებ მოგიყვებით.

1. 1942 წელი: კოშკი

პირველად სულივანს მეხი სახანძრო კოშკურაზე ყოფნის დროს დაეცა. იმ დროს კოშკურაზე მეხამრიდები ჯერ კიდევ არ იყო დაყენებული. ნაგებობას დაახლოებით შვიდჯერ დაეცა მეხი და შედეგად ხანძარი გაჩნდა. ის გარეთ გაიქცა, მაგრამ მასზე თავდასხმაც მოასწრო მეხმა: მისი თქმით, ყველაზე მტკივნეული ამ მეხის დაცემა იყო, რადგან მან ფეხი დაწვა და მის ფეხსაცმელს ხვრელი გაუკეთა, საიდანაც სისხლი ასხამდა.

კოშკს რამდენიმე ფუტით მოვშორდი და, შემდეგ, ბუმ... - განაცხადა სულივანმა ინტერვიუში 30 წლის შემდეგ.

2. 1969 წელი: სატვირთო

სულივანი მთიან გზაზე სატვირთოს ატარებდა და, ალბათ, იმას ფიქრობდა, რომ „მას შემდეგ 27 წელი გავიდა, რაც პირველად და ალბათ უკანასკნელად დამეცა მეხი“, როდესაც გზაზე დაინახა, როგორ დაეცა ორ ხეს მეხი. ზოგადად, მანქანა მეტალის წყალობით ე.წ. ფარადეის გალიის როლს ასრულებს: ის შენზე ბევრად უკეთესი გამტარია - დენს მანქანის ინტერიერის გარშემო გაატარებს და საბოლოოდ მიწაში განმუხტავს. 

თუმცა, არ გაგიკვირდებათ და სულივანს ფანჯრები ჩამოწეული ჰქონდა და მუხტმა ერთი ფანჯრიდან მეორეში გაიარა. ამ გაუგებრობაში სწორედ სულივანის სხეული მოხვდა: მას წამწამები და თმა შეეტრუსა, მისი მაჯის საათი კი მწყობრიდან გამოვიდა. უფრო უარესიც, მეხის დაცემისას მან გონება დაკარგა და თხრილში გადაიჩეხა.

3. 1970 წელი: ბაღი

როდესაც სულივანი თავის ბაღს უვლიდა, ცა ასე თუ ისე მოწმენდილი იყო. ეჭვი ჩნდება, რომ მეხმა მისი ადგილსამყოფელი იცოდა და უნდოდა როისთვის შეეხსენებინა, რომ თავის სახლში, მოწმენდილი ცის ქვეშაც არ იყო უსაფრთხოდ. ასეც მოხდა. მარცხენა მხარზე მეხის დაცემა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ჰაერში ააფრინა.

4. 1972 წელი: შენანდოას ეროვნული პარკი

მეხის დაცემა სულივანისთვის ყოველდღიურობა ხდებოდა. ამ შემთხვევაში, ის შენანდოას ეროვნულ პარკში რეინჯერი იყო, როდესაც სადარაჯო შენობას მეხი დაეცა. მან წვის ხმა გაიგო და იმედგაცრუებული არ დარჩა: საბედნიეროდ, მხოლოდ და მხოლოდ თმა დაეწვა. მან თვითონვე ჩაიქრო თავზე ცეცხლი და საავადმყოფოში წავიდა. მოგვიანებით, სულივანმა პრესასთან განაცხადა, რომ ღმერთს მისი შებრაწვა უნდოდა.

5. 1973 წელი: უკანასკნელი მეხი

სულივანს თავის სიზმრებშიც კი მეხი ეცემოდა და ის ამ მოვლენას ნიშნად აღიქვამდა, რაც თავისთავად ცრურწმენაა, მაგრამ უფრო ლოგიკურად თუ შევხედავთ, ეს სიზმრები იმიტომ აწუხებდა, რომ ოთხჯერ დაეცა მეხი, ოთხჯერ!

სულივანი შტორმში მოხვდა და თავის დაღწევას ცდილობდა, როდესაც დაინახა, რომ „მას ღრუბელი მოსდევდა“. მან საბოლოოდ მანქანას შეაფარა თავი, მაგრამ როგორც კი გადმოვიდა, მაშინვე დაეცა მეხი. ამ შემთხვევაში მუხტმა მისი სხეულის მარცხენა მხარეს გაიარა და ფეხსაცმელი დაუწვა. ამ მეხის შემდეგ, მას სიზმრები აღარ აწუხებდა და ირწმუნა, რომ ის ღმერთმა საბოლოოდ შეიწყალა.

6. 1976 წელი: ერთიც და მორჩა

შეუცნობელ არს გზანი უფლისანი, ამიტომ ეს შეთანხმება ღმერთთან სულ რაღაც სამ წელიწადს გაგრძელდა. სამი წლის შემდეგ, მას კვლავ დაატყდა მეხი და გაქცევისას კოჭი დაიზიანა. ასევე დაეწვა თმაც.

7. 1977: მართლა ბოლო

სულივანს უკანასკნელად, ოღონდ მართლა უკანასკნელად, მეხი წყლის პირას დაეცა, სადაც ის თევზაობდა. მეხმა მის თმას რაც დამართა, კი მიხვდებოდით (დიახ, ცეცხლი წაუკიდა), შემდეგ სხეულში ქვემოთკენ წავიდა და გულმკერდი და მუცელი დაუწვა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. 

როდესაც ყველაზე უიღბლო ადამიანი მანქანისკენ ბრუნდებოდა, გზად დათვი შეეჩეხა, რომელსაც ჯოხით იგერიებდა. მისი თქმით, ეს მისი მხრიდან დათვის მოგერიების 22-ე შემთხვევა იყო.

რა არის ამ ყველაფრის ალბათობა?

ამერიკის ეროვნული ამინდის სერვისის თანახმად, აშშ-ში მეხის დაცემის ალბათობა წელიწადში 1/1 200 000-ია. ეს ყველაფერი 80 წლის ადამიანზე რომ გადავანაწილოთ, 1/15300 გამოდის. მაგრამ სულივანის შემთხვევაში მხოლოდ ალბათობების ერთმანეთზე გადამრავლება არ იქნება მართებული, რადგან ის ეროვნულ პარკში მუშაობდა, თანაც იმ შტატში, სადაც მეხი ხშირად ვარდება.

მაგალითად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ზვიგენის თავდასხმის ალბათობა ერთი და იგივეა დახურულ აუზში მოცურავე ადამიანისთვისა და ზვიგენებით დასახლებულ ოკეანეში სისხლწასმული მოცურავე ექსტრემალებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სულივანის შემთხვევების ალბათობა მაინც უკიდურესად მცირეა, ამის მოხდენას ხელს მაინც მისი ხშირი გარეთ ყოფნა უწყობდა.

გინესის რეკორდებში შესული სულივანი 40 წლის წინ მოკვდა და დღემდე ინარჩუნებს ამ რეკორდს: ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტჯერ დაეცა მეხი და გადარჩა.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი