იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები მკაცრდება და ჯარიმების რაოდენობა იზრდება.
კომიტეტმა საკითხი დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა.
ცვლილებები შედის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში.
166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ეხება და მოქმედი კანონმდებლობით ითვალისწინებს 500 ლარით ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას.
ცვლილებების თანახმად კი, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, ის უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება.
რაც შეეხება 173-ე მუხლს, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე.
ცვლილებების მიხედვით - ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი დაჯარიმდება 3 500-დან 4 500 ლარამდე.
ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.