ოპოზიცია მთავრობის პოსტ-კრიზისულ გეგმას აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

მთავრობის მიერ წარდგენილ პოსტ-კრიზისულ გეგმას ოპოზიციაში აკრიტიკებენ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი და არ უნდა იყოს განცალკევებულად ტურიზმისთვის გაკეთებული. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ ტურიზმის სექტორი კი არა, მთელი ეკონომიკა უნდა წაახალისოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები დაუსაბუთებელია და სანამ რეალურ ფინანსურ ბაზას, ბიუჯეტს არ ვიხილავთ, ამ ყველაფრის დაჯერება, შეუძლებელია.

ნებისმიერი სიტყვა, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ, ამის უკან რაღაც ღონისძიება დგას - ან ბიუჯეტს აკლდება ფული, თუნდაც საგადასახადო შეღავათის კუთხით, ან ბიუჯეტიდან გაიცემა ფული, თუნდაც სუბსიდირების სახით. ეს ჩვენ არ ვიცით. ვხედავთ, რომ მთავრობაში რაღაცას ყვებიან, ყვებიან, რაღაცას გვპირდებიან და არაფერი კეთდება. მეორე საკითხია, სწორია თუ არა ის რასაც გვთავაზობენ და რასაც ყვებიან, მაგრამ დღემდე, რაც მათ უთქვამთ, არაფერი შესრულებულა, - ამბობს გოცირიძე.

„ევროპულ საქართველოშიც“ მიიჩნევენ, რომ გეგმა ფრაგმენტული და დაგვიანებულია, თუმცა იქ სწორი ელემენტებიცაა. დავით ბაქრაძის თქმით, ეკონომიკის სექტორებად დაყოფა, არასწორია.

დღეს წარმოდგენილ გეგმაში არის სწორი ელემენტებიც, მაგრამ მთლიანობაში, გეგმა არის ფრაგმენტული და ხშირად, დაგვიანებული ნაბიჯებისგან შემდგარი. პირველ რიგში, ეკონომიკის სექტორებად დაყოფა მიგვაჩნია არასწორად, ვინაიდან კრიზისი ურტყამს მთლიან ეკონომიკას და ეკონომიკის ყველა სექტორს. ამიტომ უნდა იყოს საერთო ნაბიჯები, რაც კეთდება ყველასთვის და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ დამატებით შეღავათებზე. საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება უნდა იყოს საერთო და უნდა ეხებოდეს არამხოლოდ ტურიზმს, არამედ ყველა ბიზნეს სუბიექტს, - ამბობს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტ-კრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხის სუბსიდირების კრიტერიუმებიც. გახარია განმარტავს, რომ სუბსიდიით სარგებლობა შეეძლება ნებიმისმიერ სასტუმროს, რომლის წლიურ ბრუნვაც 20 მილიონ ლარს არ აღემატება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი