
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტში მივიდა. სხდომაზე შესვლამდე მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და თქვა, რომ ამ ეტაპზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია, პარლამენტში მხოლოდ იმ საკითხებზე იმსჯელებს, რომლებსაც დოკუმენტი მოიცავს.
რაც შეეხება ამნისტიის კანონს, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღესვე კანონთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იქნება და ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ ნიკა მელია გათავისუფლდება.
ასევე ვაშაძის თქმით, თუ მხარეები გირაოს გადახდაზე შეთანხმდებიან, ის ნიკა მელიას ინიციატივას მხარს დაუჭერს.
"ამ ეტაპზე, ჩვენ ვიმუშავებთ, მხოლოდ იმ საკითხებზე, რასაც მოიცავს შეთანხმება და ვფიქრობ, პრიორიტეტი პარლამენტსაც უნდა ჰქონდეს ეს და სხვა საკითხები უნდა გადავწიოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დაჩქარებული წესით, განხილვები და მიღება ამ ცვლილებების.
ნიკა მელია გათავისუფლდება ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ. აქვე ვამბობ, რომ სრულად მხარს ვუჭერ, რომ თუ სხვა მხარეები შეთანხმდებიან, რომ გირაო მისაღებია მათთვის, არც აქ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ ჩვენ ჩვენს შეთანხმებას აუცილებლად შევასრულებთ",- თქვა ვაშაძემ.
დღეს, 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში შევა. 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრაციას გაივლიან.