
პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ჭორებს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის თვითმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.
თალაკვაძის თქმით, თბილისის მოქალაქეებს მერად კახი კალაძე სურს, თუმცა პირველ რიგში, მისი გადასაწყვეტია მიიღებს, თუ არა, ის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
"რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინსიმულაციებს, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას გუნდის სახელით, ეს გახლავთ, მიზანმიმართული ჭორი. მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, რომ კახი კალაძე ისურვოს მერად მომავალშიც.
მე არაერთხელ ვთქვი, რომ პირველ რიგში, ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ, უახლოეს პერიოდში, კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ საზოგადოებას",- თქვა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 26 აპრილს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მერის არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატი შესაძლოა, არჩილ თალაკვაძე იყოს.
აქვე გეტყვით, რომ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტი 24 აპრილს დატოვა.