ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკან, არამედ იარების მოშუშებისკენ - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ პოლიტიკური კრიზისი მანამ არ არის დასრულებული, სანამ მთელი ოპოზიციური სპექტრი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის გარშემო არ გაერთიანდება.

სამადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში, ნიკა მელია და გიორგი რურუა გათავისუფლდებიან, რაც მისი თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციასა და პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს.

"ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. დღეს, პირველ რიგში, ამ დარბაზიდან მინდა, მივესალმო პოლიტპატიმარ, ნიკა მელიას, პოლიტპატიმარ, გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს შეთანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ გახდეს ნაბიჯი წინ, რომ ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია, პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის",-თქვა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ვერ ამოიშლება ისტორიიდან გავრილოვის ვიზიტისა და ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნის დღე, თუმცა როგორც სამადაშვილი ამბობს, ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკან, არამედ იარების მოშუშებისკენ

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 აპრილს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. სავარაუდოდ, დღესვე უნდა გამოსცეს პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი