
პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, სიმბოლურია, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევა დაემთხვა პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის შესვლას. მან მადლობა გადაუხადა პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.
"მე მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს. შედგა მრავალპარტიული პარლამენტი ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩეველთა ხმა მაქსიმალურად გაისმება.
ჩემი მხრივ, გპირდებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში მე ვუზრუნველვყოფ, რომ დავიცვა ბალანსი და ხელი შევუწყო დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში თქვენთან ერთად", - თქვა კახა კუჭავამ.
კუჭავამ იმედი გამოთქვა, რომ კოლეგები, რომლებიც დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან "დაძლევენ ვიწრო პარტიულ ინტერესებს", "პოლიტიკურად სწორ" ნაბიჯს გადადგამენ და პარლამენტში შევლენ.
"იმისათვის რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში, ეს სჭირდება ჩვენ ხალხს და ჩვენ საერთო მომავალს", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, ერთად უნდა გაამყარონ საქართველოს პარტნიორების ნდობა, რომ ქვეყანა მუდამ იქნება არჩეული კურსის ერთგული. კუჭავას აზრით, პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება საშუალებას მისცემთ ქვეყნის გამოწვევებს უკეთ გაუმკლავდნენ.
"მე როგრც პარლამენტის თავმჯდომარე, ავიღებ სრულ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, პარლამენტში დაცული იყოს ძალთა ბალანსი, გადანაწილდეს კომიტეტები, შესაბამისად მოხდეს პასუხისმგებლობის გაზიარება", - თქვა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას მე-10 მოწვევის პარლამენტი კენჭს დღეს უყრის.