
„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრულფასოვნად შესრულებისკენ მოუწოდებს. დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საარჩევნო პროპორციების მიმართულებით იმუშავებს და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, ეს შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება. „ევროპული საქართველო“ კი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
„ქართულ ოცნებას“ კარგად უნდა ესმოდეს, რომ შეთანხმება სანახევროდ ვერ შესრულდება. არ არსებობს ნახევარი შეთანხმების შესრულება - შეთანხმება ან მთლიანად სრულდება, ან არ სრულდება. ეს რომ მხოლოდ ოპოზიციის პოზიცია არ არის, კიდევ ერთხელ დაადასტურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის მისჯის შემდეგ, აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებამ.
"ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კარგად გაიაზრონ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების წინაშე აიღეს და როდესაც საუბრობენ შეთანხმების შესრულებაზე, ისაუბრონ შეთანხმების ორივე ნაწილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შეთანხმებას შესრულებულად ვერ ჩავთვლით, - ამბობს დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ, რვა მარტს მიღწეული შეთანხმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარებას და მანდატების 120/30-ზე გადანაწილებას გულისხმობს. შეთანხმების მეორე ნაწილი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუ რომელიმე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება ჩაშლილად ითვლება.