რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომლები მეორე დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის მომატების მოთხოვნით აქციას ქარხნის შესასვლელთან მართავენ. ამ დროისთვის ერთადერთი ხაზი, რომელიც საწარმოში ფუნქციონირებს, სამედიცინო ჟანგბადის წარმოებაა, სხვა დანარჩენი განყოფილებები გაჩერებულია.
აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და უთხრეს, რომ მოლაპარაკებებზე მხოლოდ 20 ადამიანს შეუშვებდნენ, თუმცა მათ მოლაპარაკებებზე დასწრების საშუალება მედიის წარმომადგენლებს არ მისცეს. ადმინისტრაციის ამ წინადადებას აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ. მათი თქმით, კომპანია მათ არაერთხელ დაპირდა ხელფასის მომატებას, თუმცა პირობა არ შეასრულეს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მოლაპარაკებები გამჭვირვალე იყოს და მას იურისტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"მათი სიტყვის ჩვენ არ გვჯერა, იმიტომ რომ ბევრჯერ მოგვატყუეს. 2019 წელსაც უნდა მომატებულიყო, თავად თურნავა იყო ჩამოსული და მან თქვა, რომ 20% ყველა თანამშრომელს მოემატება, მაგრამ ვინც აქ არის შეკრებილი კაპიკი არავის მომატებია. ამიტომ ვითხოვთ, გამჭვირვალე იყოს ტელევიზიებისგან, რომ კიდევ ერთხელ არ მოგვატყუონ",-თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ შესრულდება, აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.