წამლების ლაბორატორია, სოციალური კოდექსი - ტიკარაძის ინიციატივა პარლამენტში

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, რომელიც ფარმაცევტულ პროდუქტებს შეისწავლის. 

როგორც მინისტრმა პარლამენტში განმარტა, ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე შექმნილია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა.

"ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამას გარდა, მინისტრმა თქვა, რომ შეიქმნება სოციალური კოდექსი, რომელიც ეფექტიან, კოორდინირებულ დაცვის სისტემას უზრუნველყოფს.

"ამ ეტაპზე, ევროპელ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს საქართველოს და ევროპის სოციალური სისტემების სიღრმისეული შესწავლა, რომელიც გახდება საქართველოს სოციალური კოდექსის საფუძველი. წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა სოციალური კოდექსის სახით, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, ეფექტიან, კოორდინირებულ დაცვის სისტემას. სოციალური კოდექსი გახდება ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილების კანონით გამყარებული გარანტი.

თუ ჩვენ გვაქვს მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეზე ზრუნვა უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას აკეთებენ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, მოქნილად და კოორდინირებულად",- თქვა ტიკარაძემ.

ტიკარაძემ პარლამენტს კოდექსის მისაღებად აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძეს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი